საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება
საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ღია ცის ხელშეკრულების შესახებ.

რუსეთის საგარეო უწყება გუშინდელ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს“.

„2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.

ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10-კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს.

„აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან ორი წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე თქმით, ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი, უარი ეთქვა პოლიტიზებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას.

„ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე თქმით, 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

„რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.