საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს
საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან.

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი დეზინფორმაციული შეტევა განახორციელა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრზე, რომელიც წარმოადგენს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითს. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი წინა დეზინფორმაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავრცელდა. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი, არგუმენტირებული პასუხი გასცა ცრუ ბრალდებებს ლუგარის ცენტრის საქმიანობას თაობაზე. შესაბამისად, აღარ შევალთ განხილვებში და აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სწორედ ლუგარის ცენტრის თანამშრომლების, საქართველოს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია დღეს არსებული წარმატება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საქართველო ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში იქნა შეტანილი. ცენტრის მუშაობა სრულიად ტრანსპარენტულია, რაც არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის 2018 წელს, როდესაც განხორციელდა საერთაშორისო ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში. ამ საერთაშორისო მისიაში რუსი ექსპერტებიც იყვნენ მოწვეულნი, თუმცა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. რუსეთის მხარეს კვლავ მოვუწოდებთ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საკვანძო ინსტიტუტზე დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულია რეალური სურათის დანახვაში, მონაწილეობა მიიღოს კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად დაგეგმილ საერთაშორისო ვიზიტებში“,– აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებსრომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ახსენებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო.  სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქმიანობა ეწინააღმდეგება აშშ-ისა და საქართველოს ვალდებულებებს, რომლებსაც ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მეოთხე მუხლი ითვალისწინებს.

რუსეთი ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს ყველა ლაბორატორიულ კორპუსში წვდომის გარანტიების უზრუნველყოფით.

„ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის გარეშე (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ, ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლები)“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.