საქართველოს საგარეო უწყება - იტალიის მხარემ აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით
საქართველოს საგარეო უწყება - იტალიის მხარემ აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით

იტალიის მხარემ აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ჩასვლისა და ქალაქ რანდაცოს მერთან შეხვედრის შესახებ განაცხადეს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის მცდელობებს, შექმნას წარმოდგენა, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს და ცნობს საოკუპაციო რეჟიმებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

„ცხადია, მოსკოვის ეს ძალისხმევა არის უშედეგო, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, იტალია სრულადაა ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის ლობირების მიმართულებით არის უშედეგო და ამ ფონზე მოსკოვი ცდილობს, ადგილზე არსებული უკანონო პროცესების ლეგიტიმაცია მოახდინოს მსგავსი ე.წ. ვიზიტების ორგანიზების გზით.

ჩვენ დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩავაყენეთ იტალიის მხარე, რომელმაც აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა ამ პროცესში, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით.

მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას და, მათ შორის, იტალიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.