საქართველოს საგარეო უწყება - განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას
საქართველოს საგარეო უწყება - განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას

განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემანიშვილმა განაცხადა.

ნარჩემაშვილმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიის მიერ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოდან აზერბაიჯანში განჯისკარის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კერძოდ, აზერბაიჯანული გამოცემა APA.AZ-ის ცნობით, განჯაში ვიზიტისას ქერიმოვმა განაცხადა: „ჩვენ განვიხილავთ განჯისკარის აზერბაიჯანში დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათაშორისი კომისია და აზერბაიჯანულმა მხარემ ეს საკითხი კომისიის დღის წესრიგში შეიტანა. მოლაპარაკების მიმდინარეობა არ არის მარტივი. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის კარიბჭის დაბრუნება“.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსპიკერმა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში განჯისკარის საკითხი ასახული არ არის ასახული.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.