საგარეო უწყება - დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შემცირებას
საგარეო უწყება - დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შემცირებას

დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გაუგზავნა.

დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის თქმით, „საქართველოს მთავრობა მთელი სერიოზულობით მოეკიდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ გამოწვევებს“. დანია მაღალ შეფასებას აძლევს „საქართველოს მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს, კერძოდ, საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა მიზანია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის აღკვეთა“.

ინგერ სტოიბერგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს დანიაში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

წერილის მიხედვით, დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთათვის სწრაფი პროცედურა მოქმედებს.

დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი პოზიტიურად აფასებს დავით ზალკალიანის ვიზიტს დანიაში და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.