საქართველოს საგარეო უწყება - დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის და სირიაში ჩინეთის ელჩის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის ელჩთან კომუნიკაცია შედგა
საქართველოს საგარეო უწყება - დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის და სირიაში ჩინეთის ელჩის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის ელჩთან კომუნიკაცია შედგა

დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ბაგრატ ხუთაბასა და სირიაში ჩინეთის ელჩის, ფენ ბიაოს სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შედგა კომუნიკაცია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინური მხარის განმარტებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს გაუგებრობას, დედაქალაქი აქტიურად არკვევს დეტალებს, რომელიც ქართულ მხარეს უახლოეს პერიოდში ეცნობება.

„ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მომავალშიც. ჩინური მხარე ასევე მადლობელია საქართველოს მთავრობის ერთიანი ჩინეთის პრინციპის განუხრელად და თანმიმდევრულად დაცვისთვის. მხარეთა ამგვარი მიდგომა განაპირობებს ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

საუბრისას შეთანხმდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას თავის საელჩოებს საზღვარგარეთ, რათა მათ თავი შეიკავონ მსგავსი კონტაქტებისგან.

ამავე დროს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, 7 დეკემბერს, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც ჩინური მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.