საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შვიდი წლის წინ, 2014 წლის 16 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით, ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია და ანექსია. აღნიშნულით, უპირველეს ყოვლისა, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები, გაეროს ქარტია, 1975 წლის „ჰელსინკის აქტი“ და ასევე, უგულებელყოფილი იქნა უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 2014 წლის 27 მარტს, მიიღო რეზოლუცია 68/262, რომლითაც, კიდევ ერთხელ, მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ჩათვლით და არ აღიარა ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.

რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. კვლავაც ანექსირებულია ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი. ფიქსირდება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა მზარდი მილიტარიზაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი და ერთიანი პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.