საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანელმა კოლეგამ მინისტრს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და არსებული კავშირების მაღალ დინამიკას.

ასევე, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრად სტაბილურობასა და განვითარებაში.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გასავითარებლად.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ბაქოში ვიზიტით მიიწვია.