საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უკრაინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს. მან დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში უკრაინელ ტურისტთა მზარდი დინამიკა.

„საქართველო და უკრაინა ძალიან ახლო მეგობრები, მოკავშირეები და თანამოაზრე პარტნიორები არიან. ეს ურთიერთობა საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ეფუძნება. დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებულია ერთიან ღირებულებებსა და ინტერესებზე, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენს სამომავლო ხედვაზე“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ წელს აღინიშნება განსაკუთრებული თარიღი, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის იუბილე.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ ბალანსს და მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს ევროპაში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძონ აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც მთელი ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესში შედის“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იჰორ დოლჰოვი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საღამო საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა. მას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი