საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გერმანიის მთავრობის კოორდინატორს რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრს დირკ ვიზეს შეხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დღის წესრიგს და ხაზი გაუსვეს გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების დროს მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

ლაშა დარსალიამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის როლზე, ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარეობის პროცესში (2020 წლის ივლისი-დეკემბერი).

ბუნდესტაგის წევრის დაინტერესების საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გერმანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის პრიორიტეტულობის შენარჩუნების კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ​დირკ ვიზე მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის მიერ, 2019 წლის 10 მაისს მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ცხადყოფს გერმანიის დაინტერესებას აღნიშნულ რეგიონთან მიმართებაში. დეპუტატმა დასძინა, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობაში და ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიილტვის.

ბუნდესტაგის წევრის განცხადებით, გერმანია მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან.