საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 11-13 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ აზიზ აბდუხაკიმოვთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელ აბულაზიზ კამილოვთან და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილე სოდიკ საფოევთან.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტაშკენტში გაიმართება მასშტაბური კულტურული ღონისძიება საქართველოს ხელოვნების სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან უზბეკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფების წარმომადგენელები, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატური კორპუსი, საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთის კულტურისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.