საქართველოს საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის (MEDEFI) დელეგაცია ეწვია. მაღალი დონის მრავალსექტორიან ბიზნეს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ფრანგული საინჟინრო კომპანია Egis-ის აღმასრულებელი დირექტორი ლორან ჟერმენი თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად.

შეხვედრები გაიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრებთან, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანი იყო საფრანგეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, ძირითადად ტრანსპორტის, საინჟინრო, ფინანსების თუ ურბანული განვითარების მიმართულებით.

„ჩვენს დელეგაციაში შედიოდა საფრანგეთის 29 კომპანიის წარმომადგენელი. ჩვენ გავმართეთ მრავალი შეხვედრა მინისტრებთან და ისინი ბრუნდებიან იმ რწმენით, რომ მათი ინვესტიცია და საქმიანობა საქართველოში სამომავლოდ იმედისმომცემი იქნება. იმისთვის, რომ კომპანიებმა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში სამი ძირითადი პირობა არის საჭირო. პირველი – მაკროეკონომიკური სტაბილურობა, წელს საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და მომავალში ეს ზრდა სავარაუდოდ 6%-ზე მეტი იქნება. მეორე პირობა არის ეკონომიკური მიმზიდველობა და ეს ქვეყანა ნამდვილად არის მიმზიდველი თავისი სხვადასხვა სექტორით, იაფი მუშახელით და აგრეთვე იმ ეკონომიკური, მეგობრული გარემოთი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, რომ სწრაფად მოახდინონ ამ ქვეყანაში დამკვიდრება. ჩვენი შეხვედრების შედეგად, ნათლად და მკვეთრად დავინახეთ, რომ ინფრასტრუქტურულ სფეროში, ტურიზმის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში არის დაფინანსებები, არის კონკრეტული ხედვა 2030 წლამდე პერიოდზე და არის დაფინანსება – ნაწილობრივ ადგილობრივი და ნაწილობრივ საერთაშორისო დაფინანსება, საერთაშორისო ინსტიტუტების, რაც ნამდვილად გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება შეიძლება იყოს მდგრადი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და „დუინგ ბიზნესის“ მიხედვით მე-7 ადგილი ჩვენ გვაძლევს ნიშანს იმისა, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. ჩემი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ეს კომპანია 100 ქვეყანაში მოღვაწეობს და ამ მაჩვენებლის მიხედვით, რა საკვირველია მე უპირატესობას მივანიჭებ საქართველოს, ვიდრე სხვა ქვეყანას, ვინაიდან ის მიმითითებს გარკვეულ მაჩვენებლებზე, რომელიც უფრო მარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში უფრო ადვილია ბიზნესის კეთება“, – განაცხადა ფრანგული საინჟინრო კომპანია Egis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ორან ჟერმენმა.

საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის შეფასებით, საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის დელეგაციის ვიზიტმა იმედები გაამართლა.

„ამ ვიზიტმა თავისი იმედები გაამართლა. ჩვენ 2020 წლის მარტის თვის შემდეგ ველოდებოდით მის განხორციელებას და ეს არის განხორციელება იმისა, რომ საქართველო დავუახლოვოთ ევროკავშირს. ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები, ეს იყოს ეკონომიკური და ადამიანური რეალობა. ჩემი აზრით, იმ კომპანიებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ვიზიტში, საკუთარ თავს უსვამდნენ კითხვებს. ზოგიერთი მოდიოდა იმ მიზნით, რომ უფრო მეტად გაეცნო საქართველო, სამომავლო ხედვები დაესახა, ზოგს უკვე ჰქონდა გარკვეული მონახაზი და ამ კითხვებისთვის საბოლოოდ გაეცათ პასუხები. ეს არის ის ვიზიტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვსვამდით კითხვებს, თუ რამდენად მეტი ფრანგული კომპანია შემოვიდოდა საქართველოში, რამდენად მეტ სამუშაო ადგილს შექმნიდნენ სამომავლოდ და ჩემი აზრით, ეს რამდენიმე თვეში თავის შედეგს გვაჩვენებს. იყო საუბარი კონკრეტულ პროექტებზე, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მაგალითად, ბაკურიანში, უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი თამაშები და ამით დაინტერესებული არიან ფრანგული კომპანიები, აგრეთვე ტურიზმის სექტორში, აგრეთვე არის სოფლის მეურნეობის სექტორში და იმედი გვაქვს განხორციელდება ვიზიტები სხვადასხვა სექტორის და სპეციალიზაციის მიხედვით“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.