საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად შეხვედრას გამართავს
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად შეხვედრას გამართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით ხვალ, 8 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ღონისძიება, სადაც მოხდება საარბიტრაჟო დავის წარმოების პროცედურული კონფერენციის,  პროცედურულ საკითხთა შესახებ დადგენილების და მათი შედეგების განხილვა.

სამუშაო შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები, ადვოკატები და მხარეთა წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებსაც გამოცდილებას საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, წამყვანი იურიდიული ფირმებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაუზიარებენ. ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე წარადგენენ ასევე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტის ნიმუშს – „საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება“ და ისაუბრებენ მის მნიშვნელობაზე.

„ძალიან თვალსაჩინო შედეგი გვაქვს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. ბიზნესში ნდობა იმატებს და დავების გადასაწყვეტად სასამართლოს ალტერნატივას უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ. უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და სახელმწიფოს ღია მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ბიზნეს სუბიექტებში ამ სფეროსადმი ნდობის ამაღლებას, თუმცა, სასურველ შედეგამდე კიდევ დიდი გზაა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება გრძელვადიანი პროცესია. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ საარბიტრაჟო ჰაბი რეგიონის ქვეყნებში, თუმცა, ამისთვის საჭიროა მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია ამ სფეროში. ჩვენი სამუშაო შეხვედრა სწორედ პოტენციურ არბიტრებში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის ხარისხის გაზრდას ემსახურება“, -აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ინჯია.