საქართველოს საელჩოები ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ღონისძიებებს გამართავენ
საქართველოს საელჩოები ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ღონისძიებებს გამართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ღონისძიებებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში საქართველოს საელჩოებიც გამართავენ.

საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა იყო „ელჩების კონფერენცია 2019”-ის სამუშაო სესიებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მსჯელობა წარიმართა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ეფექტიან იმპლემენტაციაზე.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრიორიტეტების მიხედვით ღონისძიებები გაიმართება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს საელჩოების ორგანიზებით.

„ამ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში საქართველო უმასპინძლებს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს. ეს იქნება სემინარები, დისკუსიები, რომლებიც გაიმართება როგორც თბილისში, ასევე სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც თავმჯდომარეობის პერიოდში ვუმასპინძლებთ, იქნება მინისტერიალი, რომელიც თბილისში ჩატარდება და ერთგვარად დააგვირგვინებს თავმჯდომარეობას”, -განაცხადა ზალკალიანმა კონფერენციის შემაჯამებელ ბრიფინგზე.

„ელჩების კონფერენცია 2019: საქართველო ევროპის საბჭოს ქვეყანა – საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის” 2019 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა და 20 დეკემბერს მინისტრის შემაჯამებელი ბრიფინგით დაიხურა.