საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტაციის წარმოებას ელექტრონულ რეჟიმში იწყებს
საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტაციის წარმოებას ელექტრონულ რეჟიმში იწყებს

საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს.

რკინიგზის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ტვირთმფლობელები ვებგვერდ cargo.railway.ge-ს საშუალებით, ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) მიღებასაც შეძლებენ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინრეჟიმში 2017 წლიდან შეუძლიათ. თუმცა, კომპანია დოკუმენტაციის წარმოებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაც ამარტივებს. ზემოაღნიშნული საბუთის (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს.

გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ, გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინრეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს“, – აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში წარმოებას 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში იწყებს, მომხმარებლებს კი მოუწოდებს, ინსტრუქციითა და ვიდეოგაკვეთილებით იხელმძღვანელოს.