„საქართველოს რკინიგზა“ და „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
„საქართველოს რკინიგზა“ და „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ალექსანდერ დოლმა ბერლინში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ იუწყება.

შეთანხმების თანახმად, კომპანიები იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს“,- აცხადებს ალექსანდერ დოლი.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში.

„სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, „დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, – განმარტავს დავით ფერაძე.

პარტნიორობის ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზა“ კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. „დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს „დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია „დიბი შენკერი“ განახორციელებს.