„საქართველოს რკინიგზა“ - 2019 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 18 000 კონტეინერი გადაიზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
„საქართველოს რკინიგზა“ - 2019 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 18 000 კონტეინერი გადაიზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

„საქართველოს რკინიგზის“ მეშვეობით, 2019 წლის პირველ კვარტალში 18 000 კონტეინერი გადაზიდეს, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მზარდია სხვა ტიპის გადაზიდვებიც, რის შედეგადაც, რკინიგზა ეტაპობრივად, 2015-2016 წლებში არსებულ გადაზიდვის მაჩვენებლებს უბრუნდება.

„საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით.

2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9 პროცენტით არის გაზრდილი.
2018 წლიდან „საქართველოს რკინიგზით“ ახალი ტვირთების, კერძოდ, ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.

„2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – გადაზიდულია 18 000 კონტეინერი, 2018 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 31 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, გაზრდილია გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალიც და პირველი კვარტლის მდგომარეობით, ის 2.33 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.