რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ
რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას.

„ძვირფასო დეპუტატებო, მოგმართავთ რეგიონული მედიის წარმომადგენლები.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არა ერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი.

ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არასდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე.

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ია მამალაძე დასახელებულია სამ კანდიდატს შორის, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გადადგმული სწორი და სამართლიანი ნაბიჯია.

ია მამალაძე, წლების განმავლობაში იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიის თვითრეგულაციის ნორმების და არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების თანამონაწილე,

ია არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამდენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიასპეციალისტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კუთხეებში არსებულ პრობლემებს. რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ვთვლით, რომ ია მამალაძის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აუცილებელია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ პრინციპულობა, მიუკერძოებლობა და მხარი დაუჭიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას“, – აღნიშნულია მიმართვაში.