საქართველოს რეგიონებში მანდატურები კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება
საქართველოს რეგიონებში მანდატურები კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

უწყების ინფორმაციით, დღეიდან, მანდატურები შვიდი რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ახლად დანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორ თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით  დამატებით 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.