საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია ჩატარდება
საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონს აღმართავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა. პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულდება.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება კახეთში, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშას მაშველები აღმართავენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდი შეასრულებს. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრებიან.

პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება ასევე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი „მცხეთა“ შეასრულებს.

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროში დღეს მიულოცავს.

ქუთაისში დროშას ექიმები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში ანსამბლ „ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართავენ.

სენაკში კი, დროშას პედაგოგები აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში აღმართავენ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი „სენაკი“ შეასრულებს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეც 14 იანვარს – საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.