საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა

საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე ყვავილებითა და სანთლებით პატივი მიაგეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას. აქციაში მონაწილეობდნენ რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ამასთან, ბათუმში აქციაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გააპროტესტეს. ევროპის მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებიც შეიკრიბნენ.

„მე კიევიდან წამოვედი ოჯახთან ერთად. ბათუმიდან მინდა მივმართო მთელ მსოფლიოს. დღეს ჩემს სამშობლოში კლავენ ადამიანებს, კლავენ ბავშვებს, შევაჩეროთ ეს ტრაგედია, ეს სიმხეცე“, – განაცხადა უკრაინის მოქალაქე ტატიანა კლიჩკომ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ანაკლიაშიც, ენგურის ხიდზე, ოკუპირებული აფხაზეთის სიახლოვეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ბუჩაში ჩადენილი მკვლელობების ამსახველი ფოტოებითა და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატებით გააპროტესტეს. მათ დუმილითა და ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.