საქართველოს რადიომ დღეს ეთერი ახალი გადაცემებით დაიწყო
საქართველოს რადიომ დღეს ეთერი ახალი გადაცემებით დაიწყო

საქართველოს რადიოს ახალი გადაცემები დაემატა. განახლებული ეთერი დღეს დილის გადაცემა „რადიო ექსპრესით“ გაიხსნა. „რადიო ექსპრესი“ მიზნად ისახავს მსმენელს სახალისო და საინტერესო თემებით დილიდანვე სასიამოვნო განწყობა შეუქმნას. გადაცემა ყოველ შაბათ-კვირას, 08:30 საათზე დაიწყება.

დღეს დაიწყო ილია თავბერიძის საავტორო გადაცემა „რადიო კალენდარი“, სადაც სტუმრები საინტერესო თარიღებსა და მოვლენებზე ყვებიან. მსმენელს უზიარებენ საკუთარი თვალით ნანახ და განცდილ ამბებს. „რადიო კალენდარში“ მოისმენთ უნიკალურ ჩანაწერებს რადიოს არქივიდან.

„სი ბემოლ ვიტამინი“ საქართველოს რადიოს კიდევ ერთი ახალი პროექტია, რომლის საშუალებითაც ყველა დროისა და ჟანრის საუკეთესო მუსიკას გაეცნობით. მოისმენთ სხვადასხვა კომპოზიციის ორიგინალურ, საინტერესო და უცხო ვერსიების.

დღეს 23:05 საათიდან კახა თოლორდავას „უცნობ მუსიკას“ მოუსმენთ. გადაცემის მიზანია, მაქსიმალურად წარმოაჩინოს კავშირი მუსიკასა და იმ საზოგადოების მსოფლმხედველობას შორის, რომლის სიღრმეშიც იქმნებოდა ეს მუსიკა.

კვირას, 13 იანვარს მსმენელებს მსოფლიოში მომხდარ საინტერესო ამბებს ლევან ახალაია გააცნობს. გადაცემის წამყვანი უცხოური პოლიტიკისა და ეკონომიკის მთავარ თემებზე ისაუბრებს.

კვირას, ღამის ეთერში 23:05 საათიდან რადიომსმენელი „ისტორიის პოპგაკვეთილებს“ მოისმენს. გადაცემა მიზნად ისახავს, მსმენელებს გააცნოს, როგორ აისახებოდა მუსიკაში სოციალურ-კულტურული თუ პოლიტიკური მოვლენები. რატომ და როგორ გაჩნდა სუბკულტურა და კონტრკულტურა. ასევე რა დატვირთვა აქვს და რატომ არის მნიშვნელოვანი კლასიკური თუ ეთნიკური მუსიკა, როგორ ფორმებს იღებდა ის სხვადასხვა ქვეყანაში და რა მახასიათებლებით გამოირჩეოდა.

ახალი სეზონიდან მსმენელი FM 102.4 სიხშირეზე შემდეგ ახალ გადაცემებს მოისმენს:

მუსიკის 12 მოციქული (ავტორი დავით ევგენიძე);

სი ბემოლ ვიტამინი (ხათუნა კობერიძე);

რადიო კალენდარი (ილია თავბერიძე);

აკუსტიკა (გიორგი ასანიშვილი);

ისტორიის პოპ გაკვეთილები (გიორგი ხადური);

არტნიუსი (თამარ დადიანიძე);

ჩვენი ფერმა (თამარ ბოლქვაძე, დემეტრე ერგემლიძე);

რადიო ექსპრესი (მედეა იმერლიშვილი, გაგა გობრონიძე);

უცნობი მუსიკა (კახა თოლორდავა);

მთელი ეს როკი (შალვა გეგეჭკორი, გაგა გობრონიძე);

ჯაზოფრენია (ლადო ტატიშვილი);

მსოფლიოს ამბები (ლევან ახალაია).

კლასიკა ყველასთვის (მარიკა ჩიჯავაძე, ლიკა ხორბალაძე).