საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი - გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დავეხმარებოდი და წასვლა ვამჯობინე #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი - გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დავეხმარებოდი და წასვლა ვამჯობინე #1TVSPORT

ნინო სუთიძემ სანაკრებოსთან ერთად, საკლუბო კარიერაც დაასრულა – ამის მიზეზად საქართველოს პირველ არხთან ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მძიმე ტრავმა დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს სლოვაკეთთან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრამდე სიმბოლურად 17-ნომრიანი მაისური გადასცა და ნაკრებიდან გააცილა.

„გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. 14 მაისს აქილევსის მყესი გავიწყვიტე. ვფიქრობდი დაბრუნებას, რეაბილიტაციაც დავიწყე, თუმცა 40 დღის შემდეგ მეორედ გავიწყვიტე, ამჯერად ღია ჭრილობით შემიყვანეს საოპერაციოში. დიდი დრო დამჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის და შემდეგ ფორმაში შესასვლელად. დიდი ალბათობით, ძველებურად თამაშს ვერ შევძლებ. ნაკრებს მე ვეღარ დავეხმარები და წასვლა ვამჯობინე. ამის გამო არც საკლუბო კარიერის გაგრძელებას ვგეგმავ. იმედია, ამ ეტაპზე სამოყვარულო დონეზე მაინც ვითამაშებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ნინო სუთიძემ.

მისი თქმით, ახლა ქალთა ფეხბურთში დამაიმედებელი პროცესებია:

„იყო დრო, მხარდაჭერას ვერავისგან ვგრძნობდით, არ გვქონდა ეროვნული ლიგა, ზაფხულში ერთკვირიანი ტურნირი იმართებოდა და მთელი წელი ამ იმედით ვვარჯიშობდით, რომ წლის ბოლოს ვითამაშებდით. ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებით ამ ეტაპზე საგრნობლად გაზრდილია გოგოების რაოდენობა ფეხბურთში. ვთვლი, რომ დროა საჭირო, ჩვენს სათქმელს მომავალი თაობა აუცილებლად იტყვის. საბედნიეროდ გოგოების ორი ეროვნული ლიგა გვაქვს, ყველანაირი პირობა აქვთ, რომ განვითარდნენ. ვიმეორებ, დრო და უფრო მეტი კადრია საჭირო“.

ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, ნინო სუთიძემ კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობდა და ჯამში 66 შეხვედრა ჩაატარა.