საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის მტკიცებით, ეროვნული ლიგის თამაშის შემდეგ გულშემატკივარმა დაარტყა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა, ანანო წიქარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც „ნიკე-ლუსოს“ და „ლანჩხუთს“ შორის ქალთა ეროვნული ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტზე წერს.
ეროვნული ლიგის ფინალური ოთხეულის მატჩში „ნიკე-ლუსომ“ „ლანჩხუთი“ 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულებისთანავე მეტოქეთა შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა სილმარის სმიტ-პაუელს („ლანჩხუთი“) და ნინო ბუხრიკიძეს („ნიკე-ლუსო“).
„ვინც არ იცით, 16 წლის ფეხბურთელი ვარ, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთში“ ვთამაშობ. ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის სტადიონზე „ნიკე-ლუსოსთან“ ვითამაშეთ.
მატჩის დასრულებისას ინციდენტი მოხდა ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოვარდნენ „ლუსოს“ გულშემატკივრები, რომლებიც ჩხუბში ჩაერთნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უცებ შემომატრიალა და სახეში მუშტი დამარტყა.
ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა? ასე შეიძლება, რომ მაყურებელმა ფეხბურთელს, მით უმეტეს, არასრულწლოვანს, თან ქალს, ზიანი მიაყენოს? ეს არის ყოვლად გაუგონარი ფაქტი. მე უკვე ვეღარ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
ამ ფაქტის ასე დატოვება არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს ევალება, გაატაროს შესაბამისი ღონისძიება, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს“, – წერს ანანო წიქარიძე.