საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ამ საკვალიფიკაციო ეტაპს ყველაზე მეტად სიტყვა უიღბლობა შეეფერება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის ასპარეზობა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ნაკრები ბოლო შეხვედრაში ჯგუფის გამარჯვებულ საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
„ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათ შორის მესამე თამაშშიც, რომელიც სტუმრად, ფარერის კუნძულებზე ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვა უიღბლობაა.
ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, საკუთარ მოედანზე, ყველამ აჩვენა, რომ ამ გუნდს, პირველ რიგში, ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში ეს ნათლად გამოჩნდა და სწორედ ამით უნდა ვიამაყოთ.
დიახ, ფეხბურთში ყოველთვის შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს ვიხილეთ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც პირველად მიიღო ასეთი შანსი. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის. აქედან გამომდინარე, იმ იმედით უნდა დაველოდოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპს, რომ ამჯერად უფრო მეტად გაგვიმართლებს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.