საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე მალტასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე მალტასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში მალტას ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

წინა მატჩი ჩვენმა გუნდმა შინ მალტასთან 2:3 დათმო. ამჯერად კი ირის ანტმანის გუნდი კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ თამაშის შედეგზე გავლენა თურქი მთავარი მსაჯის, ჯანსუ თრიაკის საკამათო გადაწყვეტილებამ იქონია.

38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თეონა ბაქარაძე ჩვენს ნახევარზე ისე უხეშად მოცელეს, ექიმის დახმარება დასჭირდა. გუნდი ჯარიმის მოლოდინში გაჩერდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა, მალტელთა კაპიტანმა რეიჩელ კუშკირმა კარში დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ტაიმის ბოლოს ჩვენმა გუნდმა მაინც გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ნათია დანელიამ კუთხურიდან ბურთი კარში ჩაახვია – მსაჯმა გოლი ჩათვალა, ტაბლოზე კი 1:1 დაიწერა, მაგრამ შემდეგ ჯანსუ თრიაკიმ გადაწყვეტილება შეცვალა და გოლი გააუქმა – ამ შემთხვევაში არბიტრი არ შემცდარა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაუშვა. კონტრშეტევაზე მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ჰეილი ბუგეჯა საჯარიმოში წააქციეს, რომელმაც თერთმეტმეტრიანი საჯარიმო თავად შეასრულა და მალტელების უპირატესობა გაზარდა.

მატჩის მიწურულს საგოლე შანსები მასპინძლებსაც ჰქონდათ და საქართველოს ნაკრებსაც, მარიამ კალანდაძემ 83-ე წუთზე ანგარიში შეამცირა და თამაშის გადარჩენის შანსი გაჩნდა. მაგრამ მალტელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და ჩვენმა გუნდმა B დივიზიონში დაწინაურების შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.