საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
აქვე გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ნინო დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა.
21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.