საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებისთვის ემზადებოდა.

“პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა, სწორედ ამიტომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და ვდგამდი შესაბამის ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი, მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც, სამწუხაროდ ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, “ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია.  სწორედ ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს  შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფო მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა საზოგადოებას, “კიდევ უფრო გააქტიურდეს უფრო ძლიერი და მუშა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში”.

“მთელ ამ პროცესში  ევროპული სტანდარტის დამკვიდრება გვსურდა, სტანდარტისა, რომელიც ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. “ქართული ოცნებისთის” გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც წინა ხელისუფლებები იქცეოდნენ. მინდა, ჩემი დღევანდელი ნაბიჯი განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკოსმა ყველა ბერკეტი არ გამოიყენოს სახელმწიფოებრივი იდეალებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს, მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, კიდევ უფრო გააქტიურდეს  უფრო ძლიერი და მუშა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთან ერთად უფრო ეფექტურ დემოკრატიას შევქმნით და საბოლოოდ თანხმობის კონსტიტუციებს მივიღებთ”,-აღნშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტიციური პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო,პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.

უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა და კონსტიტუციური პროექტი 13 ოქტომბერს 117 მომხრე ხმით დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი