საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთში ვიზიტი შეაჯამა 
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთში ვიზიტი შეაჯამა 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სერბეთში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა.

„სერბეთში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა. პირველ რიგში, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს გულთბილი, საქმიანი, პარტნიორული შეხვედრისათვის. არაერთ საკითხს შევეხეთ. არის რიგი გამოწვევები, რომლებსაც ორივე ქვეყანა ერთდროულად ვუმკლავდებით. თითქმის საერთო გამოწვევებია ევროკავშირთან მიმართებით. ჩვენი ქვეყნები, სერბი და ქართველი ხალხი დიდი ხანია, ერთმანეთს გულშემატკივრობს, ძალიან აფასებენ ერთმანეთს. ნებისმიერი ქართველისთვის საამაყოა ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, გვაქვს ერთი სარწმუნოება. ასევე ბრძოლის ის მეთოდები, რითაც სერბი ხალხი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით საუკუნეებია, იბრძვის, თითქმის იდენტურია იმისა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

„განიხილება ბევრი თემა, მათ შორის შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს, რომელზეც დიდი ინტერესია, სამხედრო კუთხით წარმოებას. აღსანიშნავია, რომ როგორც სერბეთში ჩადიან საქართველოდან, ასევე საქართველოში ბევრი სერბი ვიზიტორი ჩამოდის. დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, ეს ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო მიმართულებებს, იგეგმება საერთო ბანაკები, რათა სერბი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და პირიქით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურ გამოწვევებზეც იყო საუბარი.

„ორივე ქვეყანა მივიჩნევთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ხშირ შემთხვევაში, ორმაგი სტანდარტია ბრიუსელიდან როგორც საქართველოს, ასევე სერბეთის მიმართ, არასამართლიანი დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ერთიანი აზრი გვაქვს –  მიგვაჩნია, რომ საქართველო და სერბეთი იმსახურებენ მეტ პატივისცემას. ღირებულებები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად დავიცავით, ეხებოდა ეროვნულ ინტერესებს. გახსოვთ, სანქციებთან მიმართებით როგორი ზეწოლა იყო. ჩვენ დავდექით პრინციპულად და არ შევუერთდით სანქციებს. პრეზიდენტმა ვუჩიჩმაც აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ ეკონომიკური წინსვლით, სწორედ იმ პარამეტრებით, რომელსაც მეც შევეხე. კვირა და თვე არ გავა, საქართველო არ ფიგურირებდეს საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება გამჭვირვალობის საკითხს, მთავრობის მუშაობას, სასამართლო სისტემას, ეკონომიკურ ზრდას და ასე შემდეგ. პროცესი გაგრძელდება. სწორედ ასეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენნაირად მოქმედებენ, ძალიან კარგად აფასებენ ამ ყველაფერს. მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი, საქმიანი, თბილი შეხვედრა მქონდა სერბეთში. ასევე ძალიან კარგი შეხვედრა იყო სერბეთის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.