საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა და მას მაღალი შეფასება მისცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია ღირშესანიშნავი მოვლენაა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობით საქართველოს გამოეხატა საკუთარი პატივისცემა ამ უძველესი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„იაპონიაში მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს და ჩემი ვიზიტის მიზანი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან მაქსიმალური კონტაქტების დამყარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იაპონიაში პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები გამართა: ტოკიოს მერ იურიკო კოიკესთან, პრემიერ-მინისტრ შინძო აბესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იოშირო მორისთან, როგორც 2020-ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან და იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტ აკიკო სანტოსთან.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იაპონია საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად კულტურული და სპორტული მიმართულებით უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

მისივე თქმით, იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა უკვე მაღალია, თუმცა საჭიროა, იაპონური კომპანიების დაინტერესება ქართული ღვინის იმპორტის გაზრდისა და გააქტიურების თვალსაზრისით, რათა უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ქართული კულტურის, სპორტისა და საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციისათვის.

პრეზიდენტის შეფასებით, მისი ვიზიტის მნიშვნელოვან მიმართულებას სწორედ სპორტის სფეროში ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენდა და ამ კუთხით საგულისხმო იყო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და ტოჩინოშინთან შეხვედრები.

მისი თქმით, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ძალიან წარმატებული და დასაფასებელი სპორტსმენია და საქართველოსა და იაპონიის შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გამართულ შეხვედრებს იმ ჯგუფებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ იაპონიაში გამოფენების, კონცერტებისა და ღონისძიებების მოწყობას.

„შევთავაზეთ, რომ იაპონიაში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ქართული მუსიკა, ქართული ოპერა. მოეწყოს ქართული გამოფენები. დიდი იმედი მაქვს, რომ იაპონური მხარე დაინტერესდება და ამ კუთხით იმუშავებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედიაჰოლდინგ „ფუჯისთან“ შეხვედრებზე, პრეზიდენტის განცხადებით, განიხილებოდა საქართველოში ფილმებისა და სერიალების გადაღების შესაძლებლობები. იაპონელები ამ მიმართულებით დაინტერესდნენ და უახლოეს მომავალში იაპონელ სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

დატოვე კომენტარი