საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა - თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად, ეს არ არის ენა, რომელიც გვაერთიანებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დღესასწაულის აღსანიშნად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში სიახლის შემოსვლასთან ერთად, გრძელდება ძველი ტრადიციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის საყრდენია.
„მე აქ სტუმარი არ ვარ, აქ მე ვარ მასპინძელი, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში, მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჩემს სახლში თქვენთან ერთად. შემიძლია, თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული. მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. გავუფრთხილდეთ ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი. ასევე, ამ ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა. ამით მოდიოდა საქართველო, წლების, საუკუნეების მანძილზე. ეს ღირებულება დღეს სუსტდება მსოფლიოში და ჩვენთანაც. ზოგჯერ არ გვესმის ამ ღირებულების მნიშვნელობა ბოლომდე. ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ, ვერც წინ წავალთ და ვერც განვვითარდებით. ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება; სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტიც კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობას უნდა ეკუთვნოდეს, მხოლოდ ერთი მომავალი აქვს, ეს არის საერთო მომავალი.
„ეს საერთო მომავალი დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა, მინდა მეტი ურთიერთობა იყოს. მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, – ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს. მე შემიძლია აზერბაიჯანულად, რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ. ამავე დროს, თქვენ აგრძელებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი გააჩნიათ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ. ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და სამომავლოდ ვიყოთ სამაგალითო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.