საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ელისო ბოლქვაძეს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსთან და აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის დაჯილდოვდა და მას ღირსების ორდენი გადაეცემა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც უკვე გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი; პრეზიდენტის ფონდი კი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს მხარს უჭერს უკვე რამდენიმე წელია – 2014 წლიდან;

„ფესტივალი წლიდან წლამდე ახერხებს უფრო მეტი და მაღალი რანგის მონაწილეების მოზიდვას საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო მიღწევების გაზიარებას ჩვენი მუსიკოსებისთვის, მეორე მხრივ კი ზრდის ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ; ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.