საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე შეხვდა.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამართულ მიღებაზე ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის შედგა და რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.
სამუშაო სადილამდე დიპლომატებმა გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“ ფარგლებში მომზადდა.