საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ტყიბულის შახტში მაღაროელების დაღუპვის გამო ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ უმძიმეს წუთებში უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.