კახა კახიშვილი - ყველას სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის რაც შეიძლება მცირე თანხა დაიხარჯოს
კახა კახიშვილი - ყველას სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის რაც შეიძლება მცირე თანხა დაიხარჯოს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებები თბილისში, თელავსა და წინანდალში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომაზე შესაძლო სცენარი განიხილეს. როგორც კახიშვილმა განმარტა, უცხოელი სტუმრების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელოდებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათამდე აქვს ვადა, რომ წარმოადგინოს სია, დაახლოებით ვინ ჩამობრძანდება უცხოეთიდან. რაც შეეხება ლოკაციებს, ისევ ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. თბილისთან მიმართებით საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობაზე, გმირთა მემორიალთან მისვლაზე. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ფიცის დადების ცერემონია თელავში გაიმართება, ხოლო საზეიმო მიღების ადგილად წინანდალი განიხილება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს.

„ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება დაახლოებით 19:00 საათზე. აქედან გამომდინარე, სტუმრებს სურვილი არ აქვთ, რომ განთავსდნენ სასტუმროში. განვიხილავთ, რომ ფიცის დადების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყოს, შესაძლოა, ერთი საათი იყოს ცვლილება, იმის გათვალისწინებით, როგორი ამინდი იქნება.

რაც შეეხება ბიუჯეტს, სანამ არ გვეცოდინება სტუმრების რაოდენობა, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. ყველას სურვილია, ეს ღონისძიება რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტის ინაუგურაციაში.

„გასათვალისწინებელია, რომ ლოკაცია თბილისიდან საკმაოდ შორს არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ტრანსპორტირებაც მოხდება და ხელშეწყობაც იქნება გონიერების ფარგლებში“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.