საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ემიგრანტების შთამომავალი იმუშავებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ემიგრანტების შთამომავალი პიერე ალექსანდრე კრევო იმუშავებს, რომელიც ქართულ-ფრანგულ ოჯახში დაიბადა და ამერიკაში ცხოვრობდა.
კრევო დღეს მრჩევლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, პიერე ალექსანდრე კრევო თავიდან სტაჟიორი იქნება, შემდეგ კი, გუნდს შეუერთდება.
„ის არის ქართველი, ემიგრაციაში დაბადებული, ქართულ-ფრანგულ ოჯახში და ამერიკაში ცხოვრობდა. ჩამოვიდა თავისი ნებით, ჯერ სტაჟიორი იქნება, შემდეგ შემოვა ჩვენს გუნდში და დაგვეხმარება. ვფიქრობ, ეს არის სიმბოლური, რომ დიასპორიდან ჩამოსული არის ახალგაზრდა.
მინდა, ამით განაცხადი გავაკეთო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ღია ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია, რომ შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში. მინდა, ეს სიმბოლო ხაზგასმული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში დღეს მრჩევლები წარადგინა. „დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღესდღეობით ინიშნება. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდული ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი, რომ დავაკომპლექტოთ ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.