საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოსა და გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პანდემიის პერიოდში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და შესაბამისი დახმარებისათვის.

„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებული და შედეგიანია.

„პრეზიდენტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისათვის.

საუბარი შეეხო ასევე, პანდემიის პირობებში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისა და ზოგადად, ეკონომიკის ფუნქციონირებას საჭიროებასა და მნიშვნელობას. საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დღეს საყოველთაო, საერთაშორისო სოლიდარობის საჭიროებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც რთული ჰუმანიტარული ვითარებაა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გერმანია საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობის მაგალითს აძლევს.