საქართველოს პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, მთელი ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოჰყვა ამ კონფლიქტს ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყნებს შორის. მინდა, მივმართო ამ ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტებს, ხელისუფლებას – რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა, მოვუწოდო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა  ამ რეგიონს დავუბრუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი, ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელსაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მხარეებისთვის იქნება სასურველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესშიც არის.

„ასევე, მინდა, მივმართო ევროკავშირს: ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია.

მან ასევე, თავისი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანი. სამივე ქვეყნის მოქალაქეთათვის არ არის არაფერი იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.