საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის “რესპუბლიკის 100 წელი – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” შეხვდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე და დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველმა ერმა ერთად უნდა იფიქროს იმ ასწლეულზე, რომელიც გაიარა და ამ ჭრილში იფიქროს, გაიაზროს ხვალინდელი დღეც – რა არის გასაკეთებელი და რის შექმნას ვაპირებთ.

“მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ზეიმი, რომლის დროსაც აღვნიშნავთ ჩვენს დიდებასა და წარმატებას. მნიშვნელოვანია რა გზავნილს გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერებისთვის. ამიტომ საზოგადოების აქტიური მონაწილეობა საჭირო და აუცილებელია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საზეიმო თარიღის აღნიშვნა დღეიდან დაიწყო და მიმდინარე კვირაში აქტიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

“დღეს, დავაჯილდოვე არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით. ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ერაყში საქართველოს ინტერესების დაცვის შემდეგ ქმნიდა კონტაქტებს ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ამყარებდა ურთიერთობას, როგორც რიგითი მოქალაქე, სწორედ ამიტომ ის წამებით მოკლეს. ქართული სახელმწიფო, რომლის შვილებიც ასე გმირულად ემსახურებიან სახელმწიფოს დაუმარცხებელია. ეს ბრძოლა მოგებული გვაქვს, რადგან ამ ბრძოლის აქცენტი გადის ჩვენს რწმენაზე. სწორედ ამ რწმენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული მავთულხლართები და ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო ყველაზე სწორი გზა. მათ ზუსტად დაინახეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წინაპირობაა.

“სწორედ პირველმა რესპუბლიკამ შექმნა პირველი კონსტიტუცია – დახვეწილი, დემოკრატიული, ევროპული, უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტი. დღეს ვდგავართ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე. დამოუკიდებლობა პირველი ეტაპია. თავისუფლება უფრო მარალი ხარისხის ფენომენია, როცა დამოუკიდებლობა მიღწეულ ერს გააზრებული აქვს თავისი მისია, საზოგადოებამ იცის რა უნდა შექმნას, ამ ფიქრსა და გააზრებას უნდა ახლავდეს თან შექმნისა და განხორციელების უნარი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ, რესპუბლიკის 100 იუბილესთან არის დაწყებული სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი, რომლებშიც უნდა შეჯერდეს, როგორ დაინახავენ ეს ადამიანები 100 წლეულის დასასრულს.