საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება "ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას"
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება "ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას"

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “ტატუნაშვილი – ოთხოზორიას რეზოლუციას”, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ქვეყნის ერთიანობის მაჩვენებელია.

“ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე. რუსეთი არის ოკუპანტი. მისი პოლიტიკა უკვე ნათელია ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა.

ეს კარგად გახდა ნათელი ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ამაზე მუდმივად აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციაში ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატშიც დაფიქსირდა სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად  დაამტკიცა.

დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.