საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში შეხვედრებს იწყებს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში იმყოფება.

სტუმრობის მიზანი საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა. პრეზიდენტმა გუდიაშვილის პანო დაათვალიერა. დღესვე სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე სანატორიუმსა და საწურბლიეს მღვიმეს დაათვალიერებს.

პრეზიდენტი მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს.

სალომე ზურაბიშვილს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მასპინძლობენ.

პრეზიდენტი ასევე ეწვევა კომპანია „ჰერბიას“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრშიც მივა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

პრეზიდენტის ვიზიტი ხვალ ქუთაისში გაგრძელდება.