საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. როგორც გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე და ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა.

„გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია – დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე. იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა. დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა.

ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან. იქ წარმართული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო, ეროვნულ, დემოკრატიულ პროცესს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.