საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს სიტყვით გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა  და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს.

ღონისძიებაზე  გაერო-ს მისიისა  და საქმიანობის თაობაზე, ასევე, ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.

გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-სთან  საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე,  საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ.

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა  გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც, აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.