საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორსეს მუზეუმში, ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე, ფრანგულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენა „ცისფერი და ვარდისფერი“ დაათვალიერებინა.

ოფიციალურ ვახშამზე ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა, 11 ნოემბერს ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერებს – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და სხვებს უმასპინძლეს.