საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერე ბრძანებულებებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეებად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნენ.

სამივე მათგანი ამ დრომდეც იკავებდნენ სუს-ის უფროსის მოადგილეების თანამდებობებს, თუმცა ახალი ბრძანების გამოცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სუს-ის  უფროსად პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2019 წლის 19 იანვრიდან მუშაობს.  მანამდე,  2017 წლის ნოემბრიდან შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

რაც შეეხება შენგელი ფიცხელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ის 2019 წლის 7 მაისიდან მუშაობს, ამ თანამდებობაზე  დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2019 წლის 11 ოქტომბრიდან მუშაობს გიგა ნიკოლეიშვილიც, რომელიც 2016-2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, 2016 წელს კი მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო. უფრო ადრე ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტოს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსადაც საქმიანობდა.  ასევე, 2014-2016 წლებში ის შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2013-2014 შპს „ტრანს ეკო“ და შპს „ტრანს მობილის“, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში იყო შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2010-2012 წლებში კი  – შპს „სპრინგის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.