საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში. მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორebიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება“, – აღნიშნულია გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილში.