საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ გიორგი ჭოლაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

აპარატის უფროსს უფლებამოსილება ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა, თუმცა დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჭოლაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.

გიორგი ჭოლაძე დღეს თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე „ფეისბუქში“.

გიორგი ჭოლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას დაინიშნა. მანამდე ის მამუკა ბახტაძესთან ერთად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს.