საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.

20 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება USAID-ის მმართველ მარკ გრინს, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორ რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდს.

მთავრობის მეთაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე პრემიერი გაეროს გენერალური  ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.

ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.