საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, – მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოზიტიურად შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის სამიტში, რომელიც როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ როგორც საქართველო, ისე მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან და შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მოქმედებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.