საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე. განიხილეს, თუ რა მხრივ არის შესაძლებელი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საუდის არაბეთის სამეფოს, რათა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან ალ აშეიხი, საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ბადრ ალბადრი, ხოლო საქართველოს მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია ესწრებოდნენ.